რაჭული სამზარეულოს ცნობილი კერძებია - შქმერული, ლობიოს შეჭამანდი და ლობიანი, რომელიც ლორით შეზავებული ლობიოს გულსართით მზადდება. რაჭველები ლობიანებს პურის მსგავსად თონეში აცხობენ. რაჭველები განსაკუთრებულად ამზადებენ ღორის ლორს, რომლის მომზადებასაც კვირეები სჭირდება.
რაჭა ჩემი სიყვარული
Friday, January 25, 2013
ეთნოგრაფიული მხარე
1.ხალხური გადმოცემის თანახმად, ერთხელ თამარ მეფეს სოფელ სამაროვანში შეუსვენია, გლოლიდან ათი ვერსის მანძილზე. სამაროვანიდან გამომგზავრებისას თამარს მოუკითხავს საბალახოდ გაშვებული ჯორები. მეფის მხლებლებს ბევრი ძებნის შემდეგ ჯორები ჩიჩხვის მთის ძირში უპოვიათ, რომლებიც თურმე მჟავე წყალს — „ვეძას“ სვამდნენ. მეფის მხლებლებს თამარისთვის ეს წყალი აზარფეშით მიურთმევიათ. თამარს მოუსურვებია წყაროს ნახვა და გლოლას ჩაბრძანებულა. ძალიან მოსწონებია ეს ადგილი და ეკლესიის აშენება უბრძანებია, მაგრამ რადგან ადგილი უკაცრიელი და ტყით დაბურული იყო, საჭირო გამხდარა ეკლესიისთვის მეთვალყურედ ვინმე დაეტოვებინათ. დარჩენის სურვილი ამალიდან ერთ-ერთ ბერს გამოუთქვამს, მხოლოდ იმ პირობით, თუ მეფე მას ცოლის შერთვის ნებას მისცემდა. თამარს ნება დაურთავს და ბერი დარჩენილა ბიძასთან და მოსამსახურე ბიჭთან ერთად. ხალხური გადმოცემით, ამ სამი პირისგან სოფელი გლოლა მოშენებულა და იქ მცხოვრები გვარებიც სწორედ მათგან წარმოიშვა: ბერისგან — ბერიშვილები, ბიძისგან — ბიძაშვილები და ბიჭისგან — ბიჭაშვილები.
სოფელ ღების („ღები“ სვანურად ჩაღრმავებულს ნიშნავს) დაარსებას ხალხური თქმულება ლეჩხუმიდან გამოქცეულ ვინმე მღებავს მიაწერს, რომელსაც თურმე კაცი შემოკვდომია და მთის რაჭაში გახიზნულა. მას ხელი მიუყვია მღებაობისთვის და სოფელსაც ამის გამო დარქმევია ღები.
რაც შეეხება ჭიორას, ეს სოფელი, ხალხური თქმულების მიხედვით, უფრო გვიან დასახლებულა. ჭიორელები ადრე თურმე ფასის მთის იქით ცხოვრობდნენ, მათ თათრები (ჩრდილოელი ტომები) ავიწროვებდნენ, რის გამოც ღებელებისთვის უთხოვიათ ნებართვა — ღების ფარგლებში დასახლებულიყვნენ. ღებელებს მათთვის ასარჩევად შეუთავაზებიათ დასასახლებელი ადგილი, ჭიორელებს კი აურჩევიათ ადგილი, სადაც „მწიორი“ ბინადრობდა („მწიორს“ უწოდებდნენ: მელას, კვერნას, კურდღელს, თრითინას და სხვ). ღებელებს მათთვის ეს ადგილი დაუთმიათ და სოფელს დარქმევია ჭიორა.
ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, ეს სოფლები „კოშკოვან-გოდლოვან-ზღუდიანი“ დასახლებული პუნქტები ყოფილა. მთის რაჭაში მოსახლეობა შემჭიდროებულად ცხოვრობს. განფენილნი არიან მთების კალთაზე, ჯერ კიდევ შემორჩენილია მრავალსართულიანი „დუროიანი“ სახლები.
მთის რაჭის მომხიბვლელობას განაპირობებს კავკასიონის ქედი, მდიდარი ტყის საფარი და შუშხუნა მჟავე წყლები. ეს რეგიონი მდიდარია ტრადიციებითა და რიტუალებით.
მთის რაჭაში განსაკუთრებულ თაყვანს სცემენ წმინდა გიორგის. ულამაზესი სალოცავი, შხელის წმინდა გიორგი, სოფელ გლოლასთან დიდ გაშლილ მინდორზე მდებარეობს. შხელში ხატობა ორჯერ იმართება: მაისში — „ათანგენი“, წარმართული, თემური ხასიათის და მეორე — გიორგობა,10 ნოემბერს.
„ათანგენობას“ გლოლელები დღესასწაულობენ. მთელი სოფელი თავს იყრის შხელში განატეხებით (კვერებით), ღვინით, საკლავებით. თემის უხუცესი წმინდა გიორგის შესთხოვდა თემის გაძლიერებას და წარმატებას. მომლოცველები, სხვადასხვა რიტუალებთან ერთად, იმ დღეს ასრულებდნენ, თუ რაიმე ჰქონდათ შეთქმული.
გიორგობას შხელში თავს იყრიან რაჭის სხვადასხვა სოფლის მკვიდრნი. მოჰყავთ უსინათლონი და წმინდა გიორგის შესთხოვენ განკურნებას. სალოცავთან ქალებს არ უშვებენ, არც ცხენოსანს აქვს იქ გავლის უფლება.
მთის რაჭველებს დღემდე აქვთ შემონახული მრავალი საინტერესო რიტუალი, ერთ-ერთია „შიოობა“. ოჯახის დოვლათიანობას მთის რაჭველები ევედრებიან წმინდა შიოს. ყველიერის ხუთშაბათს ოჯახის უხუცესი აიღებს ორ კვერცხს, ორ კვერს და ლოცვით ევედრება წმინდა შიოს, ოჯახში ბარაქა დაატრიალოს. ლოცვის შემდეგ კვერცხებს არმანში შედებენ, ვარცლზე კი ღვინით სავსე ჭიქას დგამენ. სწამთ, როცა შიო გამოივლის, მისი მათრახის კუდი ღვინოში ჩაეწობა და ოჯახშიც დოვლათი დატრიალდება. თუ ღვინო არ დახვდება, ეს ცუდის მომასწავებელია ოჯახისათვის.
ყველიერის წინა შაბათს მთის რაჭაში „ბოსლობას“ მართავდნენ. ეს დღესასწაული პირუტყვის მოსამრავლებლად და მათი ფათერაკებისაგან დასაცავად იმართებოდა.
აცხობდნენ კაცის სულზე ბაჭულებს. შეღამებისას უფროსი აიღებს ორ ბაჭულს, კვერცხებს და ბოსლისკენ მიემართება, თანმხლებად ვაჟებს წაიყვანს. ბიჭები ერთმანეთს ზურგზე შეასხდებიან და საქონლის ხმაზე ბღავიან, თან ხშირად იძახიან: „ბოსელ, ბოსელ, ბუ!“ შევლენ ბოსელში და დაბმულ პირუტყვს სამჯერ შემოუვლიან და იტყვიან: „დათვი მჭლე და შენ მსუქანი, გაზაფხულზე გასვინტრიკდი (გასუქდი)“. შემდეგ თვალს ხუჭავენ და კვერცხს ბაგაში მალავენ. ვინც იპოვის, ის ბედნიერი იქნებაო. იქვე შეექცევიან ბაჭულებს და თან ლოცულობენ: „ანგელოზო საქონლისაო“. ბოსლიდან გამობრუნებისას პირველად სახლის კარებს მიადგებიან, რომელსაც დიასახლისი შიგნიდან ჩაკეტავს. მამასახლისი იტყვის: „კარი რკინისაო“ (სამჯერ). დიასახლისი უპასუხებს: „არა, მეუფისაო“ და გაიმართება ასეთი კითხვა-პასუხი:
დიასახლისი:
— ხარებმა რა შემოსთვალეს?
ძროხებმა რა შემოსთვალეს?
ცხენებმა რა შემოსთვალეს?
თხებმა რა შემოსთვალეს?
ღორებმა რა შემოსთვალეს?
კაცებმა რა შემოსთვალეს?
ქალებმა რა შემოსთვალეს?
ყანებმა რა შემოსთვალეს?
ქათმებმა რა შემოსთვალეს?
მამასახლისი:
— სახვნელი უღელი დაგვიმზადეთო;
სახბორე დაამზადეთ და ჩვენ მზად ვართო;
საჯინიბე დაგვიმზადეთო;
საკრავე დაამზადეთ და ჩვენ მზად ვართო;
სათიკნე დაგვიმზადეთო;
საღორე დაგვიმზადეთო;
თოფ-იარაღი დაგვიმზადეთო;
აკვნები დაგვიმზადეთო;
ბეღლები დაგვიმზადეთო;
საწიწილე დაგვიმზადეთო.
საინტერესოა მთის რაჭის საქორწინო ტრადიციებიც. როგორც წესი, ჯვრისწერა მიღებული იყო ქალის სოფელში, სადაც სასიძო თავისი „ანქრით“ (მაყრით) მიემგზავრებოდა. იქ „გვირგვინოსნებს“ ასაჩუქრებდნენ ნივთებითა და ფულით. ვახშმის შემდეგ აიშლებოდნენ, პატარძალს წამობურავდნენ „ბურსეულს“, შემდეგ მიჰყავდათ სიძის სახლში თოფების სროლითა და სიმღერით. იქ დედამთილი ხვდებოდა შაქრით.
ძველად მთის რაჭაში გავრცელებული იყო აკვანში „დაწინდვა“ (დანიშვნა). სოფელში თუ ერთ ოჯახს ქალი შეეძინებოდა, მეორეს კი — ვაჟი და ამ ოჯახებს ერთმანეთთან კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ, ორმოცი დღის შემდეგ შეხვდებოდნენ ერთმანეთს წყაროზე და დანათესავებას შესთავაზებდნენ.
მთის რაჭაში ორსული ქალი ყოველგვარ უსიამოვნებას გაურბის, მას განსაკუთრებით წყევლის ეშინია. ფეხმძიმე ქალი ზოგიერთ საჭმელს არ ჭამს და პირუტყვის დაკვლასაც არ ესწრება. მელოგინეს მიწაზე დაგებულ ჩალაზე ან თივაზე აწვენენ. მას ბებიაქალი უვლის, რომელიც იმავე დროს სხვადასხვა ჯადოქრობით და შელოცვებით ცდილობს მშობიარობის შემსუბუქებას. მელოგინეს ბალიშის ქვეშ ხანჯალს ამოუდებენ, რომ დაიფაროს ავსულისგან. ქმარი მას ჩოხის კალთით მოტანილ წყალს დაალევინებს. შემდეგ სახვნელს (სახნისს) სამჯერ დაშლის და ააწყობს, დასასრულ სახლში შემოდის და მშობიარეს გადაალაჯებს. თუ მშობიარობა რთულდება, მას „დათვის კოდას“ ასმევენ (ამ ბალახის დანაყილ შავ მარცვლებს წყალში ხსნიან), ეძახიან, ვისაც გველ-ბაყაყი გაუშორებია და დახმარებას სთხოვენ. ის მიდის წისქვილში, წყალს გადაუგდებს და იტყვის: „წისქვილს წყალი გადამიგდია, გველ-ბაყაყი გამიყრია, დედა-შვილი გამიკრიაო“ (სამჯერ) და გამობრუნებისას მელოგინესთან შეივლის.
ახალ წელიწადს მთის რაჭველი დიდი მოწიწებით ეგებება და სურვილების შესრულებას მოელის. ახალი წლის წინა დღით თითოეული გლეხი ოჯახში ერთ მარხილ შეშას მოიტანს. ამ მარხილზე დებენ ჩიჩილაკს, „ნეკერს“ (თხილის ბიბილო) და „თომას“ (ფეხის თივა). ამავე დღეს საახალწლო ღორს კლავენ, ვისაც ღორი არ ჰყავს, „ნებიერს“ (ნასუქი მოზვერი). ღამე აცხობენ საახალწლო ბაჭულებს, მათში ერთს — ძველი წლისთვის. აგრეთვე, აცხობენ ადამიანის სახის კატა-ბასილას და ერთ დიდ პურს — „კერია-ბედიად“ წოდებულს, რომელიც პატარა რკალებითაა დაჭრელებული. ამ ნამცხვრებს ოჯახის მეკვლე „მაკვრიელი“ ცხრილზე დაალაგებს, გვერდში საზედაშედ ერთ ბოთლ ღვინოს მიუდგამს და ბეღელში შეინახავს.
მამლის ყივილისას მეკვლე დგება და ცეცხლს დაანთებს. შემდეგ გარეთ გადის და მარხილზე დაწყობილ ნეკერს, თოკს და ჩიჩილაკს აიღებს და ბეღელში შევა, ცხრილს აიღებს და ამ ნივთებით სახლში შემობრუნდება. აიღებს „კერია-ბედიას“ პურს და საფუარზე დადებს, აბრუნებს მას მარჯვნივ და ხმამაღლა ამბობს: „შემოვდგი ფეხი, გწყალობდეს ღმერთი, დიამც მოგივა ახალი წელი: შეძენის და მოგების, მშვიდობის და კარგად ყოფნის, ღვინიანობის, საქონლის გამრავლების... ღმერთო, ბედნიერი წელიწადი მოგვიბრუნე“. ბოლოს ხმის აწევით დაიძახებს: „მრავალი ახალი წელიწადი გაგითენოთ ღმერთმან“. ამაზე ოჯახი უპასუხებს: „შენც მრავალი ახალი წელიწადი გაგითენოს ღმერთმა“.
რაჭაში ნადირობასაც განსაკუთრებული რიტუალებით ასრულებენ, საერთოდ კი, ნადირობას განიხილავენ არა როგორც მხოლოდ სარჩოს მოპოვებას, არამედ, როგორც რიტუალს. მონადირე სანადიროდ წასვლის წინ დიდ სიწმინდეს იცავდა. ცუდ სიტყვას არ იტყოდა, არ დალევდა. სანადიროდ ღამე ან დილით ადრე მიდიოდა და ცდილობდა ხმა არავისთვის არ გაეცა გზაზე. შემხვედრსაც არ უნდა ეკითხა, სად მიხვალო. მხოლოდ გზა უნდა დაელოცა: გამარჯვებით იარეო. არც მონადირის ცოლი ეტყოდა ვინმეს, თუ სანადიროდ იყო მისი ქმარი წასული, არც თმას გაიშლიდა და დაივარცხნიდა მის მოსვლამდე. საგზლად მონადირე დედის გამომცხვარ ხმიადს წაიღებდა. ქონიანი ან წვნიანი თან არაფერი უნდა ჰქონოდა. არც მის ოჯახში შეიჭმებოდა წვნიანი საჭმელი მის მოსვლამდე.
საქართველოს სხვა კუთხის ჩაცმულობისაგან განსხვავებულია რაჭული სამოსიც.
„...უცხო ქვეყნელი რომ ვინმე მოვიდეს უწერაში, დარწმუნებული ვარ, რომ ძნელად გამოიცნობს მამაკაცს დედაკაცისაგან, როგორც მამაკაცებს აცვიათ ჩოხა-ქალამნები, ისე დედაკაცებს, განირჩევიან დედაკაცები იმით, რომ მათ ახურავთ თავზე გრძელი პირკლის ლეჩაქები ირგვლივ ფოჩით შემოკერებული და ყელზე აქვთ ჩამოკიდებული ყოველგვარი კაკილა (მძივი)...“ (გაზეთი „დროება“, 1877 წ. ¹110).
იაკობ გოგებაშვილი ასე აღწერს რაჭულ ჩაცმულობას: „მათი ტანსაცმელი დიდად არ განსხვავდება იმერლების ტანისამოსისაგან. ქალების ტანისამოსი კი აქ უფრო სხვანაირია, მეტადრე ზემო რაჭაში. ბევრი გლეხის ქალები წინათ ბაზრობის დღეებშიაც კი ახალუხებით, ჩოხებით, პაჭიჭებით, ქალამნებით და ნაბდებით გამოდიოდნენ და თათრის ქალებივით ყელზე სხვადასხვა შუშის ღვრინჭილას იკეთებდნენ...“
სერგი მაკალათია თავის ნაშრომში დიდ ადგილს უთმობს მთის რაჭულ კოსტიუმს — „...მხოლოდ მოხუცი ქალები ატარებენ ძველ რაჭულ კოსტიუმს, განსაკუთრებით სოფელ ღებში... ეს კოსტიუმი შედგება შემდეგი ნაწილებისაგან: გრძელი და გვერდებჩაჭრილი პერანგი, რომელსაც ქვეშ იცვამენ. მასზე იცვამენ ფერად დაბამბულ საგულეს. საგულე პერანგზე უფრო მოკლეა. ზემოდან იცვამენ ყუთმაჯიან „კაფთარას“ (კაბა), რომელიც თავისი ჭრილობით წააგავს ქართულ ყუთმაჯიან მამაკაცის კაბას. წელზე იკრავენ გრძელ სარტყელს და იფარებენ წინსაღარს. გულმკერდს იმკობენ: ნიშნის ბალთით, ვერცხლის ღილით, ჟინჟღილით, ფიფანდურებით, „ავგაროზით“ და სხვა სამკაულებით. თავზე ხურავთ თეთრი მიტკლისაგან შეკერილი და უკან ირიბად ჩამოგრძელებული „ჩიქილა“, რომელსაც ქვემოთ შემოვლებული აქვს „ფოცი“ და „ჩინჩიყი“. „ჩიქილაზე“ იხვევენ თავშალს, „თავსაკონად“ წოდებულს. ფეხზე იკეთებენ საწვივეებს, რომელსაც „წვივსაკოვნით“ — „ლეკვერითხებით“ იკრავენ. იცვამენ წინდებს, წუღებს, „კვახუხუჯებს“ (უბრალო ქალამანი) და ბანდულებს. ხელის თითებს იმკობენ სარდიონის თვლებიანი ბეჭდებით.
რაჭული კოსტიუმების უმეტესი ნაწილი შავი სატინისაა, მაგრამ აქ მოიპოვება აგრეთვე ფერადი ფართო ატლასისაგან შეკერილი მდიდრული, მორთული კოსტიუმები. რაჭულ ტანისამოსს, თავისი წარმოშობით, უეჭველია, კავშირი აქვს ძველებურ ქართულ კოსტიუმთან და ეს რაჭული „კაფთარაც“, ფორმით და ჭრილობით, ქართული ყუთმაჯიანი კაბის პროტოტიპია...“
რეზო ჭანიშვილი წერს: „გლეხის ტანსაცმელს წარმოადგენდა „კაბა“, რომელიც რუსულ სარაფანს მიაგავს, აგრეთვე ქვედატანი კაბა, საგულე ახალუხი და სათბური. რაჭაში ერთმანეთისაგან არჩევდნენ სადა, ჩვეულებრივ და სადღესასწაულო ჩაცმულობას. ამ მხრივ განსაკუთრებულად გამორჩეული იყო აღდგომის დღესასწაული, როდესაც თვით ყველაზე უღარიბესიც ცდილობდა რაიმე ახალი და გამორჩეული ჩაეცვა. გლეხის ქალები ჩვეულებრივ დღეებში თავზე უბრალო თავსაფარს იფარებდნენ, ხოლო დღესასწაულზე შალის ან აბრეშუმის თავსაფრით გამოდიოდნენ“.
რაჭველთა სამოსელს არაერთი უცხოელი მოგზაურისა და მკვლევარის ყურადღება მიუპყრია, განსაკუთრებით მთის რაჭველ ქალთა ჩაცმულობას. 1874 წელს, გერმანელი მეცნიერი, დოქტორი ვ. ბ. პფაფი განცვიფრებას ვერ მალავს რაჭველ ქალთა სამოსელის გამო: „ზეგანზე მთების ქვემოთ ნაწილში მდებარეობს დიდი სოფელი წედისი, იქ გარდა შენობებისა მე გამაოცა ქალების თვალწარმტაც ნაირფეროვანმა ტანსაცმელმა, რომელიც ბევრ რამეში მაგონებს ანატოლიას“.
1874 წელს, ინგლისელი მკვლევარი მოგზაური ფილიპ გროვე რაჭაში მოგზაურობისას მოგვითხრობს: „გავიარეთ რა ტყე, ჩვენ შევხვდით სამ ქალს, რომლებიც დამფრთხალნი გაიქცნენ. მათ ეცვათ მოკლე კაბა და შარვალი, ხოლო ქვედა ნაწილი დაფარული ჰქონდათ საბურველით, რომლის ტარებაშიც ისინი დიდ ხელოვნებას ამჟღავნებდნენ“.
1888 წელს რაჭველი ქალის სამოსელზე ყურადღებას ამახვილებს მოგზაური კ. ჰანი: „...ჩვენ მოგვეცა შემთხვევა გვეხილა იქაური ლამაზი ქალის მოხდენილი სადღესასწაულო ტანსაცმელი. ოქროს სირმით გრძელი შავი ხიფთნის ქვემოდან ეფექტურად მოსჩანს წითელი შარვალი, წელზე შემოჭერილი ლამაზი ქამრით. ხიფთანის მკერდი მორთულია წითლად, ქამარზე მომაგრებულია თეთრი წითელი კვადრატებიანი გრძელი და ფართო წინსაფარი. თავსამკაული რაღაც დოლბანდის მსგავსია, საიდანაც უკან ეშვება წითელი ფოჩებიანი თეთრი თავსაბურავი“.
განსაკუთრებით საინტერესოა რაჭული სტვირის ისტორია. სტვირი რაჭული ფოლკლორის ერთგვარ სიმბოლოდაც კი იქცა.
მესტვირე, გუდასტვირის დამკვრელი, მომღერალი, მელექსე საწესჩვეულებო დღესასწაულებისა და სახალხო სანახაობათა ერთ-ერთი პოპულარული მონაწილე იყო. მართალია, მესტვირული ტრადიცია სათავეს იღებს ქართლიდან, პირველი ცნობა მესტვირის შესახებ IX საუკუნეში გვხვდება — „კალმასობის“ მიხედვით, ქართლში ნაქები ყოფილა მესტვირე კიჭიაშვილი. შემდეგ მესტვირეობა გავრცელდა საქართველოს სხვა კუთხეებში, განსაკუთრებით რაჭაში (სოფ. ფარახეთში). XVIII-XIX საუკუნეებში ცნობილი იყვნენ მესტვირეები: ქებაძე, ბლიაძე, ნ. და ლ. ტოგონიძეები, დ. და ი. ბურდილაძეები, ზ. და მ. ერაძეები. მესტვირეები პროფესიონალი მუსიკოსები იყვნენ.
ამ საკრავზე მხოლოდ მამაკაცები უკრავენ. რაჭველი მესტვირეები — მოხეტიალე მუსიკოსები სასურველ სტუმრებად ითვლებოდნენ ყოველგვარ დღეობასა თუ ქორწილში. მესტვირეობა რაჭაში წარმოადგენდა გარკვეულ პროფესიას, რომელიც ამ მოხეტიალე მუსიკოსებისათვის შემოსავლის დამხმარე საშუალება იყო.
რაჭველები ყველა დღესასწაულს ფერხულით ასრულებენ, ფორმის მიხედვით რაჭული ფერხულები, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, ძირითადად, წრიულია და ქალ-ვაჟის მიერ სრულდება; შინაარსობრივი მოტივის მიხედვით კი, რაჭული საცეკვაო ფოლკლორი საომარ-პატრიოტული, საწესჩვეულებო, სამონადირეო, საყოფაცხოვრებო და სატრფიალო ფერხულებია.
რაჭული სუფრა ყოვლადწმინდას გარეშე არ სრულდება, ამ სადღეგრძელოს რაჭველები ლექსით წარმოთქვამენ:
შეგეწიოს ყოვლად წმინდა
ხოტევი და ნიკორწმინდა
ზემო ბარი, ქვემო ბარი,
სხვავა და კვირიკეწმინდა.
ჩვენი მტერი და ორგული
დასწყევლოს ტურა მელამა,
ქრისტეს აღდგომა გვამცნობოს
წისქვილის სარეკელამა,
მრავალძის წმინდა გიორგიმ
ველიეთ სულისა ზენამა,
თქვენი ოჯახი დალოცოს
სამთისის დიადემამა.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი
მოდიოდა ფეხშიშველი,
ღმერთმა ყველა გადღეგრძელოთ
სტუმარი და მასპინძელი.
რაჭის განვითარებულ კულტურაზე ფეოდალური ხანის ეთნოგრაფიული ძეგლები და ყოფა-ცხოვრების დახვეწილი წესები მიუთითებენ. აქაური მოსახლეობა შრომისმოყვარეობით, ვაზისადმი უსაზღვრო სიყვარულითა და სიმღერის ნიჭით გამოირჩევა. „...რაჭას ძლიერ მშრომელი და მუყაითი ხალხი ასხია. აქ მარტო მამრობითი სქესი არ მუშაობს, ქალებიც მონაწილეობენ ყველანაირ შრომაში... არა გვგონია, რომ საქართველოს რომელსამე კუთხეში ამგვარი გამრჯელი ხალხი იპოვებოდეს, როგორც აქ, რაჭაში. თვით მათი აგებულების მოყვანილობა იმათ მხნეობას ცხადად გვიჩვენებს. ისინი კარგად ჩასხმულნი, ზომიერის ტანისა, მხარბეჭიანნი და ძარღვიანნი არიან“ (ვახუშტი ბაგრატიონი).
აქ ცოცხალია მევენახეობა-მეღვინეობის ისეთივე არქაული წესები, როგორსაც ძველი ბერძნული და რომაული თხზულებები აღწერენ: რთველის სამზადისი, ყურძნის კრეფისა და დაწურვის წესები, ღვინის დაყენების მრავალსაუკუნოვანი ხელოვნება. დღესაც არსებობს ღვინის მარნები, საწნახელები, მრავალნაირი საღვინე ჭურჭელი და ხელსაწყოები. აქ ვაზის 60-მდე ადგილობრივი ჯიში გამოუყვანიათ. ყველაზე განთქმული ხვანჭკარის ღვინოა.
მაღალმთიან რაჭაში აგებდნენ სვანური კოშკების მსგავს დუროიან, ანუ სათოფურიან სახლებს, რომლებიც როგორც საცხოვრებლად, ასევე თავდასაცავად გამოიყენებოდა. რაჭველები მონადირეები და ხეზე ჭრის უბადლო ოსტატები იყვნენ. ზამთრის პერიოდში სპილენძის ჭურჭელს, სამჭედლო ნივთებს და ხის ავეჯს ამზადებდნენ. საკვარცხული ოჯახის უფროსის სავარძელი იყო. რაჭველთა ეთნოგრაფიულ ყოფაში დღემდე შემონახულია მრავალხმიანი სიმღერები და საგალობლები, ხალხური რიტუალები და წეს-ჩვეულებები.
წყარო
2.რაჭული ცეკვა:
4.ცნონილი ღვინო:ხვანჭკარა-
მევენახეობის სპეციფიკური ზონა "ხვანჭკარა” მდებარეობს რაჭაში ამბროლაურის ადმინისტრაციულ რაიონში, ლეჩხუმის ქედის სამხრეთ დაქანებებზე, ჩრდილოეთ განედის 42030' და აღმოსავლეთი გრძედის 43000' კოორდინატებს შორის არსებულ ფართობებზე. სამრეწველო ვენახები ძირითადად განლაგებულია ზღვის დონიდან 450-750 მეტრი სიმაღლის საზღვრებში. მიკროზონა ვრცელდება მდ. რიონის მარჯვენა სანაპიროზე განედური მიმართულების ხეობის გასწვრივ 35-40 კმ მანძილზე, მაღალი ქედებით დაცულ ქვაბულში. ვენახები გვხვდება, აგრეთვე, მდ. რიონის მარცხენა სანაპიროზე – რაჭის ქედის ჩრდილო დაქანებებზე.
ტურიზმი
1.მთავრობის ახალი ოთხწლიანი სამოქმედო გეგმის „მეტი სარგებელი ხალხს" ფარგლებში, რომლის მნიშვნელოვანი პრიორიტეტები ტურისტული პოტენციალის ამაღლება, სოფლის განვითარება და დასაქმებაა, კურორტ უწერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რამაზ ნიკოლაიშვილმა, პრეზიდენტის რწმუნებულთან რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, დავით გაგოშიძესთან ერთად უწერაში მიმდინარე სამუშაოები მოინახულა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
ზემო რაჭის ერთ-ერთი უძველესი და ულამაზესი სოფელი უწერა, რომელიც ზღვის დონიდან 1042 მეტრზე მდებარეობს უნიკალური სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა. უწერაში ბუნებრივ სამკურნალო საშუალებას წარმოადგენს მაღალი მთის ჰავა და 28 სახის მინერალური წყალი, რომელიც თვითდინებით მოედინება. ადგილობრივ მოსახლეობას და დამსვენებლებს წლების განმავლობაში პრობლემას უქმნიდა ამორტიზებული გზა, სადაც გადაადგილება ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. ონი-უწერა-შოვის დამაკავშირებელი 10 კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ უკვე დაიწყო. მიმდინარეობს სანიაღვრე არხების და რკინა-ბეტონის მილების მოწყობა, შენდება ხელოვნური ნაგებობები. რეაბილიტაცია უტარდება მწყობრიდან გამოსულ 3 ხიდს და იგება ასფალტ-ბეტონის საფარი. სამუშაოებზე 70 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდა, რომელთა რიცხვი მშენებლობის პროცესში კიდევ უფრო გაიზრდება.
აღნიშნული საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია შექმნის წინაპირობას კურორტ უწერაში და მთელს რეგიონში, მოწესრიგდეს ინფარსტრუქტურა, რის შედეგადაც შეიქმნება ინვესტიციის მოზიდვისთვის მიმზიდველი პირობები. კურორტის რეაბილიტაციის შედეგად, განვითარდება მისი ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალი, რასაც რეგიონში სოციალური დატვირთვაც ექნება და ეს უნიკალური ადგილები კვლავ მოემსახურება დამსვენებელს არა მარტო საქართველოდან, არამედ უცხოეთიდან.
2.
3.2012 წლის 4 აგვისტოს რაჭაში გაიხსნა ტურისტული ბანაკი “შარეულა”. ბანაკი ამბროლაურის რაიონში მდებარეობს და სრულად აკმაყოფილებს აქტიური და პასიური დასვენების მოყვარულთა მოთხოვნებს: სტუმრებს შეუძლიათ, დააგემოვნონ გემრიელი ქართული კერძები, მოისვენონ ჰამაკებში, დაგეგმონ საჯომარდო ტური რიონზე, ასევე საცხენოსნო და საფეხმავლო ტურები რაჭა–ლეჩხუმში.
თბილისიდან მგზავრობის შემდეგ ძალიან სასიამოვნო იყო ბანაკის ტერიტორიაზე სიმწვანეში დასვენება. ბანაკის მიერ დაგეგმილი აქტივობებიდან პირველი იყო მდინარე რიონზე ჯომარდობა ონიდან ამბროლაურამდე. ჯომარდობისთვის მზადებისას გზაზე შევხვდით უცხოელ ველომრბოლელებს და კაიაკერებს, რომლებიც რაჭის ულამაზესი ბუნებით აღფრთოვანებულები იყვნენ. საჯომარდო ტურის შემდეგ ბანაკის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წევრები და ბანაკის მომავალი პოტენციური პარტნიორები იყვნენ მოწვეული. პრეზენტაციაზე გემრიელი ტრადიციული ქართული კერძებით გაგვიმასპინძლდნენ.
მეორე დღეს საცხენოსნო ტურზე წავედით. ტყისა და კანიონის გავლით ჯირითით ავედით სოფ. საირმეში, რომელიც რაჭისა და ლეჩხუმის საზღვარზე მდებარეობს. მთის სოფლების სილამაზე, ამაყი კანიონები და ხელშეუხებელ ბუნებასთან სიახლოვე მომაჯადოებელი იყო.
სათავგადასავლო კლუბ „ჯომარდისთვის“ დიდი პატივია ტურისტულ ბანაკ „შარეულასთან“ პარტნიორობა. ბანაკის გახსნა ქართულმა სატელევიზიო არხებმა „იმედმა“ და „რუსთავი2“–მა გააშუქეს. იხილეთ ვიდეოები!
5.რაჭაში ახალი ტურისტული კომპლექსის მშენებლობა იწყება. სასტუმრო და სხვა ინფრასტრუქტურა შაორის ტბაზე გაშენდება. დღეს მშენებლობას საფუძველი მიხეილ სააკაშვილმა ჩაუყარა. პრეზიდენტი მოსახლეობასაც შეხვდა და მათთან რაჭის, როგორც ტურისტული ზონის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა.
`გაძლევთ სიტყვას, რომ აქ კიდევ მინიმუმ 3-4 სასტუმროს მშენებლობა დაიწყება მომავალ წელს. ეს ნიშნავს, რომ შაორი მთელი ძალით ამუშავდება,`- განაცხადა პრეზიდენტმა~
რაჭის ისტორია
რაჭის საერისთავო ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ ერთეულად ფეოდალურ საქართველოში ჩამოყალიბდა მეათე საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში, ერთიანი ქართული მონარქიის შექმნის შემდეგ. წერილობით წყაროების მიხედვით, რაჭის პირველი ერისთავი იყო რატი ბაღაშთა საგვარეულოდან.[საჭიროებს წყაროს მითითებას]რატის შემდეგ რაჭის ერისთავი იყო მისი ძე კახაბერი. მისი სახელიდან მოდის გვარსახელი კახაბერისძე, რასაც შუა ფეოდალურ ხანაში ატარებდაბა ბაღავშთა ის შტო, რომელიც რაჭის საერისთავოს განაგებდა. რაჭის საერისთვაო ერთიან საქართველოს სამეფოში მნიშვნელოვან ერთეულს წარმოადგენდა. მისი ერისთავები დიდ როლს თმაშობდნენ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში X-XIII საუკუნეებში.
რაჭას ჩრდილოეთით სვანეთის საერისთავო ესაზღვრებოდა. მათი გამყოფი იყო ლეჩხუმის ქედი. კავკასიონის მთავარ ქედამდე რაჭის საერისთავო მდ. ჭანჭახისქედამდე აღწევდა. სამხრეთის მას რაჭის ქედი ესაზრვრებოდა. დასავლეთით თაკვერიდან მას გამყოფდა გუელისტავის ქედი (ლაბეჭინის სერი), ხოლო უშუალოდ მდ. რიონის ხეობაში ის ვიწროები, რომლებიც სოფელ ალპენის სამხრეთით იწყება. მდ. ჯეჯორის აუზში საზღვრები დაღვერილას ქედამდე აღწევდა. ამ ქედის ჩრდილოეთით მხარე კუდადო იყო.
X-XIII საუკუნეში რაჭის ერისთავები მეფის მოხელეებს წარმოადგენდნენ. მათ ევალებოდათ საერისთავოში სამეფო გადასახადების აკრეფა, ლაშქრის გამოყვანა და წინამძღოლობა. ამ პერიოდში რაჭის ერისთავთ მთავარი რეზიდენცია მინდაციხე იყო. დიდი ციხე-დარბაზი იყო კვარის ციხეც.
XIII საუკუნის 80-იან წლებში დავით VI ნარინმა გააუქმა რაჭის საერთავო და სახასო მამულად აქცია. კახაბერისძეთა საგვარეულო, როგორც ჩანს, ამოწყდა. XIV საუკუნის 30-იან წლებში, გიორგი მეხუთე ბრწყინვალემ საქართველოს ერთიანობა აღადგინა და რაჭა მის შემადგენლობაში შევიდა. შემდეგში საქართველოს მეფეებმა რაჭის საერისთვო ისევ აღადგინეს. თავდაპირველად რაჭის ერისთვთა ტიტულს ჭარელიძეთა საგვარეულოს წარმომადგენლები ატარებდნენ, ხოლო დაახლოებით 1488 წლიდან ცხეტიძეები. XV საუკუნის მეორე ნახევარში საქართევლოს სამეფო-სათავროებად დაშლის შემდეგ რაჭის საერისთავო სამეგრელოსშემადგენლობაში შევიდა.
მეთხუთმეტე საუკუნის 30-იან წლებში იმერეთის მეფემ ბაგრატ მესამემ რაჭის ერისთავებს მინდაციხე-დარბაზი გადასცა და იმერეთის შექმნილი სამეფოს ახლად შექმნილი სადროშოების, მასამო-რაჭის სადროშოს, სარდლობა ჩააბარა. რაჭის ერისთავებს საკუთარი სათავადო ჰქონდათ, რომელიც თავდაპირველად მდ. ლუხუნისხეობის ერთ ნაწილს მოიცავდა. რაჭის ერისთავთა მთავარი რეზიდენცია გახდა მინდაციხე და სასახლე სოფელ წესში.
XV-XVII საუკუნეების რაჭის საერისთაოში იმერეთის მეფეები ფლობდნენ ყმა მამულს. მათვე ეკუთვნოდათ ხოტევისა და კვარის ციხეები, სოფელი ნიკორწმინდა. საზაფხულო რეზიდენცია იყო სოფელი შაორი და სოფელი ამბროლაური. იმერეთის მეფის ალექსანდრე III-ის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც სამეფოში ფეოდალური ანარქია სუფევდა, რაჭის ერისთავები შინა ომების აქტიური მონაწილეები და ხშირად ინიციატორებიც იყვნენ. მათ სურდათ: გაეფართოებინათ თავიანთი სათავადოები, თავი დაეღწიათ იმერეთის მეფის მოხელეობისაგან და საერისთავო დამოუკიდებელ სამთავროდ ექციათ.
თავდაპირველად ერისთავმა შოშიტა მეორემ იმერეთში გაჩაღებულ შინაომში კანონიერ მეფე ბაგრატ IV-ეს დაუჭირა მხარი. 1678 წელს შოშიტა არჩილ მესამეს იმერეთის სამეფო ტახტის დაკავებაში დაეხმარა. თუმცა შემდეგ ბაგრატ მეოთხეს თურქები დაეხმარნენ და არჩილი ტახტიდან გადაყენეს. 1679 წელს თურქები პირველად შეესივნენ რაჭას და სასტიკად ააოხრეს.[საჭიროებს წყაროს მითითებას] რაჭის ერისთავებს არჩილის რუსეთში წასვლის შემდეგაც არ შეუწყვეტიათ ბრძოლა იმერეთის ხელისუფლებასთან. ერისთავმა შოშიტა მესამემ კარგი ურთიერთობა დაამყარა ქართლის მეფეებთან, განსაკუთრებით ვახტანგ VI-სთან.
თავდაპირველად რაჭის ერისთავები საერისთავოს თავადებს ეყრდნობოდნენ იმერეთის სამეფო ხელისუფლებასთან ბრძოლაში. მოკავშირეებმა პირველ რიგში რაჭის საერისთვოში მეფის კუთვნილი ყმა-მამული მიითვისეს: იაშვილებმა-კვარისციხე, წულუკიძეებმა-ხოტევისა; სამეფო ყმა-მამულის დიდი ნაწილი კი რაჭის ერისთავების ხელში გადავიდა. იმერეთის მეფე სოლომონ პირველმა 1769 წლის მეორე ნახევარში როსტომი ოჯახიანად შეიპყრო, ხოლო რაჭის საერისთავო გააუქმა. 1784 წელს რაჭის საერისთავო იმერეთის მეფემ დავით გიორგის ძემ აღადგინა. მეფის გადაწყვეტილების მიღებაში დიდი როლი ითამაშა კაცია II დადიანმა. მეფემ ერისთვობა ერთ-ერთ თავის დისწულს ანტონს უბოძა. ამით უკმაყოფილო წულუკიძეებისა და წერეთლების გამოსვლა მარცხით დამთავრდა.
1785 წელს იმერეთის მეფემ რაჭის ერისთავად ანტონის ნაცვლად მისი მამა, გიორგი როსტომის ძე, დასვა. ბერი წულუკიძე და პაპუნა წერეთელი ახალციხეში გაიქცნენ და 1786 წლის ისნვარში 500 ლეკისა და 1000 თურქისაგან შემდგარი ლაშქრით რაჭაში შეიჭრნენ. იმერეთის მეფემ ოდიშის ლაშქარი მოიშველია და რაჭაში ილაშქრა. გადამწყვეტ ბრძოლაში 1786 წლის 26 იანვარს სოფელ სხვავასთან დავით გიორგის ძემ გაიმარჯვა, 1787 წელს გიორგი რაჭის ერისთავი ბრძოლაში დაიღუპა და მის ადგილას დავით გიორგის ძემ კვლავ ანტონ გიორგის-ძე დასვა. 1789 წელს იმერეთში გამეფდა სოლომონ II, რომელმაც საბოლოოდ გაუქმა რაჭის საერისთავო.
გეოგრაფიული მდებარეობა
რაჭა საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე რიონისა და მისი შენაკადების ხეობაში. ჩრდილოეთით რაჭას ესაზღვრება ოსეთი, ჩრდილო-დასავლეთით - ქვემო სვანეთი, სამხრეთით -იმერეთი, აღმოსავლეთით - შიდა ქართლი, დასავლეთით - ლეჩხუმი. ისტორიულ-გეოგრაფიულად რაჭა სამ კუთხედ იყოფოდა: მთის რაჭა, ზემო რაჭა და ქვემო რაჭა. ამჟამად რაჭა მოიცავს რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების ტერიტორიას.
ღირსშესანიშნაობები
1.ნიკორწმინდის ტაძარი-გუმბათოვანი ტაძარი სოფელ ნიკორწმინდაში. დასავლეთის შესასვლელის წარწერის მიხედვით ტაძარი აუგიათ საქართველოს მეფის ბაგრატ III-ის დროს 1010-1014 წლებში.2007 წლის 24 ოქტომბრიდან ნიკორწმინდის მონასტერი შეტანილიაიუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.1534 შენობა განუახლებია იმერეთის მეფეს ბაგრატ III-ს. ამავე პერიოდისაა ტაძრის ფრესკული მოხატულობა. ტაძრის ეზოში აღმართული სამსართულიანი სამრეკლო XIX საუკუნის II ნახევარშია აშენებული.
2.ბარაკონის ტაძარი-ძველი ქართული გუმბათოვანი ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უკანასკნელი მნიშვნელოვანი ძეგლი რაჭაში, სოფელ წესთან. ბარაკონი მდინარეების, ლუხუნისა და რიონის შესართავთან მდებარეობს, რის გამოც მას სვეტიცხოველს ადარებენ.
3.უდაბნო-მდ. შარეულას მშვენიერ და ღრმა ხეობაში, საშევარდნე მთის ძირას, პატარა დავაკებაა, სადაც დღესაც დგას ჭელიშის
მონასტრის ღვთისმშობლის სანახევროდ დანგრეული ეკლესია და ახლად შეკეთებული სამრეკლო, ირგვლივ კი სამონასტრო ანსამბლის მრავალგვარი ნარჩენია. მონასტერი, როგორც განმარტოებით მდგარი, მოიხსენიება ჭელიშის უდაბნოდაც.
ჭელიშის უდაბნო არსებობის ხანგრძლივობით რაჭის ყველა სავანეს აჭარბებს. აქ, სულ მცირე, 10 საუკუნის განმავლობაში
მაინც გრძელდებოდა ბერმონაზონთა მოღვაწეობა უწყვეტად.
ჭელიშმა უდიდესი მისია აღასრულა რაჭის სასულიერო
და კულტურულ ცხოვრებაში. რად ღირს თუნდაც ის, რომ რაჭაში (და არა მარტო) მოღვაწე სამღვდელოთა უმრავლესობა
თავის დროზე სწორედ აქ იღებდა საღმრთო სწავლა-განათლებას. 100-ზე მეტი მოქმედი ტაძარი ხომ შესაბამისი
რაოდენობის სასულიერო პირს საჭიროებდა.
სავანიდან რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებით, მაღლით, კლდეში ნაკვეთი ქვაბებია ბერთა და დაყუდებულთათვის,
რაც ერთიანი სამონასტრო ანსამბლის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა. გადმოცემით, მიწისქვეშა გვირაბიც კი არსებულა გამოქვაბულებამდე.
გიორგი ბოჭორიძე წერს: `ერთი უძველესი ხანის ცენტრთაგანი
უნდა ყოფილიყო ჭელიში. იმ ხანის ძეგლი იქ არ შემონახულა. ეკლესია ძლიერ დიდი ხნის აშენებული არ უნდა იყოს. იგი შიგნით და გარეთ გალესილია კირით და არავითარი წარწერა არ უჩანს, ვფიქრობ XIV-XVI საუკუნეებისაა.
უძველესი ხანის არის მხოლოდ მონასტრის გამოქვაბულები ბერთათვის და სადაყუდებულო განდგომილთათვის
მაღალ კლდეში.
4.საყინულე-სოფლის დასავლეთით მდებარეობს ბუნებრივი გამოქვაბული"საყინულე"ტყეში საკმაოდ ბნელი დაღმართიანი და ქვიანი ბილიკით,შეუმჩნევლად მიადგება გამოქვაბულის შავად დაღებულ თაღს,რომლის შიგნით არის ვრცელი დარბაზი,გამოქვაბულის ფსკერზე პატარა ტბაა,ყინულივით ცივი წყლით,გამოქვაბულმაც სახელი ყინულის გამო მიიღო, ყინული კი შესასვლელის პირდაპირ შვეულ კედლებზე ჩამოღვენთილი წყლით ჩნდება და თითქმის მთელი წლის განმავლობაში არის.
შოვი რესპუბლიკური მნიშვნელობის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. არის ნოტიო ჰავა, იცის ცივი ზამთარი (იანვრის საშუალო ტემპერატურა -6°) და გრილი ზაფხული (აგვისტოს თვის საშუალო ტემპერატურა 16°). სამკურნალო ფაქტორი:მთის ჰავა და ნახშირმჟავა-ჰიდროკარბონატული ნატრიუმ-კალციუმიანი მინერალური წყაროების წყალი. სამედიცინო ჩვენება: სუნთქვის ორგანოთა, კუჭ-ნაწლავის, სანაღველე და საშარდე გზების დაავადებანი, ლიმფადენიტი, მეორეული სისხნაკლებობა და სხვა. შოვში არის სანატორიუმები, დასასვენებელი სახლები, პანსიონატები ტურბაზა და სხვა. საკურორტო სეზონი გრძელდება - ივნის-ოქტომბერში.
6.უწერა- საშუალო სიმაღლის მთის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია, იცის ზომიერად ცივი ზამთარი (იანვრის საშუალო ტემპერეტურა -5°C), და ხანგრძლივი თბილი ზაფხული (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 17 °C), ნალექები 1400 მმ წელიწადში. სამკურნალო ფაქტორი: მთის ჰავა და ნახშირმჟავა ჰიდრო-კარბონატული და რკინის შემცველი მინერალური წყალი "უწერა" სამედიცინო ჩვენება: საჭმლის მომნელებელი (ღვიძლის, კუჭ-ნაწლავის ) და საშარდე სისტემის დაავადებები. ზედა სასუნთქი გზების დაავადება და სისხლნაკლებლობა. სეზონი - მაის-ოქტომბერი.
7.ტაძრები:
ნიკორწმინდას ეკლესია (XI ს.),
მინდას ციხე,
ონის ციხე (შუა საუკუნეები),
პატარა ონი – დარბაზული ეკლესია (XI ს.),
შქმერის კარსტული მღვიმე (1720 მ.),
მთისკალთის(მრავალძალის) დარბაზული ეკლესია(X-XI სს., XIX ს.),
უწერა - დარბაზული ეკლესია,
ნანგრევები (X ს.), ღები,
გამაგრებული საცხოვრებელი (შუა საუკუნეები),
ბარაკონის ეკლესია (XVIII ს.),
ხვანჭკარის ციხე და ეკლესია (შუა საუკუნეები),
Subscribe to:
Posts (Atom)